ალასანია: ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირების გზაზე დგას

ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა განაცხადა, რომ პოლიციის ”ძალადობრივი საქციელით”, რომლის დროსაც 15 ივნისს პოლიციამ მომიტინგეებზე მიიტანა იერიში, ხელისუფლებას ”აშკარა სამოქალაქო დაპირისპირების გზას დაადგა”.

”ჩვენმა გუნდმა, არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი მოლაპარაკების გზით გადაგვეჭრა, მაგრამ  ხელისუფლებამ, დღევანდელი ძალადობრივი საქციელით,  თავად თქვა უარი მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესზე და აშკარა სამოქალაქო დაპირისპირების გზას დაადგა,” – ნათქვამია განცხადებაში.

”მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, რათა ის გონს მოეგოს და საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობის კანონიერ კალაპოტს დაუბრუნდეს და ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის დემოკრატიული, პოლიტიკური გზები აირჩიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ალასანიას გუნდის წევრი ზურაბ აბაშიძე იმ ათობით მომიტინგეს შორის იყო, რომელიც პოლიციის იერიშის სამიზნე გახდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ. აბაშიძე მრავრობითი დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ალასანიას გუნდმა, რომელიც ივლისის დასაწყისში ოფიციალურ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, მოუწოდა დიპლომატიურ მისიებს ”შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების ამგვარ ქმედებებზე; მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას არსებული კრიზისის მშვიდობიანი დემოკრატიული მეთოდებით მოგვარებისკენ”. 

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია 15 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ის შეხვდება აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს; დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს ჰოვარდ დინს, განაცხადა ალასანიას პრესსამსახურმა. იგი ბრუკინგსის ინსტიტუტში მოხსენებით გამოვა თემაზე: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში – მოგვარების პერსპექტივები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)