საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომელი რუსეთში თავშესაფარს ითხოვს

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელმა, ლეიტენანტმა ალიკ ბჟანიამ განუცხადა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის”, რომ მან დატოვა საქართველო, რათა რუსეთში ეძებოს პოლიტიკური თავშესაფარი.

ბჟანიამ, რომელსაც რუსულმა მედიამ ”ქართველი გლუხოვი” უწოდა, განაცხადა, რომ 24 მაისს იგი აფხაზეთში გადავიდა აფხაზური მილიციის საგუშაგოების გვერდის ავლით და რუს სამხედროებთან მივიდა თხოვნით რუსეთში თავშესაფრის მიღების თაობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 18 ივნისს გაკეთებულ მოკლე განცხადებაში, რომ ბჟანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში მსახურობდა 2008 წლის ოქტომბრიდან სადარაჯო ხომალდის წამყვან სპეციალისტად.

”2009 წლის 18 მაისს, დისციპლინის არაერთგზის დარღვევის გამო, ლეიტენანტი ბჟანია გათავისუფლებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტიდან,” – განაცხადა შსს-მ. 

რადიოსადგურ ”ეხო მოსკვი”-ში წაკითხულ განცხადებაში ბჟანიამ თავისი გადაწყვეტილების მოტივად პოლიტიკური მიზეზები დაასახელა.

”მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ აღარ შემიძლია იქ დარჩენა, რადგანაც ვეღარ ვუყურებ იქ არსებულ სიტუაციას, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანადგურებს საქართველოს,”- განაცხადა ბჟანიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ მას დედა, მამა და ძმა ჰყავს საქართველოში და სთხოვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაეხმაროს მათ რუსეთში ჩასვლაში. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)