PACE-ს მომხსენებლები გაეროს მისიის შეწყვეტით გამოწვეულ საფრთხეზე საუბრობენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა ჯგუფმა, რომელიც აგვისტოს ომზე მუშაობს, განაცხადა, რომ ”გაეროს მისიის გარეშე, აფხაზეთი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შავ ხვრელში აღმოჩენის საფრთხის წინაშე დგას”.

ერთობლივ განცხადებაში ბელგიელმა დეპუტატმა ლუკ ვან დერ ბრანდემ, უნგრელმა დეპუტატმა მათიას იორშმა და ჰოლანდიელმა დეპუტატმა კორიენ იონკერმა მოუწოდეს რუსეთს მოქნილობა გამოიჩინოს, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის არსებობა აფხაზეთში.

”UNOMIG-ის გარეშე აფხაზეთში არ იქნება ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი დაცვა და მონიტორინგი, და საერთოდ არანაირი საერთაშორისო მისია აღარ იქნება. სწორედ ხალხია, ვინც იზარალებს და კერძოდ ისინი, ვინც გალის რაიონში ცხოვრობენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

”არავის უნდა, რომ მოსახლეობამ ისევ დატოვოს გალის რაიონი, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებისა და მონიტორინგის გარეშე, მათ მიერ რეგიონის დატოვების რეალური რისკი შეიქმნება,”- აცხადებენ ისინი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)