აფეთქების შედეგად ერთი გარდაიცვალა, ევროკავშირის მანქანა დაზიანდა
სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი გარდაიცვალა ნაღმის აფეთქების შედეგად აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს 21 ივნისს.
სამედიცინო მანქანა თან ახლდა ევროკავშირის დამკვირვებლების დაჯავშნულ მანქანას, რომელიც ”მცირედით დაზიანდა” აფეთქების შედეგად, იტყობინება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
მათივე ინფორმაციით აფეთქება ერისწყალთან დაახლოებით 11 საათზე მოხდა.
სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ოპერაციის დროს, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წალენჯიხის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფი ექიმი.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარის დეტალები ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს, თქვა, რომ მისიას აქვს მანდატი განახორციელოს ”შეუფერხებელი პატრულირება ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე.”
”ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ ინციდენტის დეტალებს, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ყოველგვარი არაპროვოცირებული თავდასხმა ჩვენს შეუიარაღებელ დამკვირვებლებზე არის სრულიად მუღებელი. ჩვენ ვაპირებთ დავუკავშირდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, რათა გამოვიძიოთ მომხდარის დეტალები და რათა ვუზრუნველყოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს,” განაცხადა ჰაბერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)