ლიტვის და აშშ-ს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას საქართველოზე იმსჯელეს
ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი 23 ივნისს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაქ ობამას და ივლისის დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი და საქართველოში არსებული ვითარება განიხილა, იტყობინება ლიტვის პრეზიდენტის პრესსსამსახური.
”საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრეზიდენტმა ადამკუსმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ და ეწინააღდეგებიან ხელისუფლებას თავი უნდა შეიკავონ შემდგომი კონფრონტაციისგან და თავიანთ ქმედებებში პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს,” – ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
პრეზიდენტი ადამკუსი 23 ივნისს საქართველოს სტუმრობდა, სადაც თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
თეთრი სახლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ”საერთო ინტერესის მქონე მთელი რიგი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის ნატოს საკითხები”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)