PACE: მომიტინგეებზე თავდასხმები ”სერიოზული შეშფოთების” საგანია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში განაცხადა, რომ ”უცნობი პიროვნებების მხრიდან 2009 წლის 9 აპრილიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციის აქტივისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმების შემთხვევების ზრდა სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს და სრულ გამოძიებას მოითხოვს”.

PACE-ს რეზოლუცია ”ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ევროპაში და ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის პროგრესი” ევროსაბჭოს 14 წევრ სახელმწიფოში, რომლებიც PACE-ს მონიტორინგის გქვეშ ან პოსტ-მონიტორინგის რეჟიმში იმყოფებიან, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების ზოგად სურათს აღწერს.

საქართველო იმ თერთმეტ ქვეყანას შორისაა, სადაც ამჟამად მონიტორინგი ხორციელდება. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონაკო, ჩერნოგორია, რუსეთი, სერბეთი და უკრაინა. სამი ქვეყანა – ბულგარეთი, თურქეთი და მაკედონია – პოსტ-მონიტორინგის დიალოგის რეჟიმში იმყოფებიან.

რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ”რეგიონისთვის მოდელს წარმოადგენს, სუსტი სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაბალი პროფესიონალური სტანდარტები და თვითცენზურა” კვლავაც პრობლემად რჩება.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ”პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ცუდი მოპყრობა კვლავ წარმოადგენს შეშფოთების საგანს ბევრ ქვეყანაში,” მათ შორის საქართველოში, ასევე ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, მოლდოვაში, რუსეთში, მაკედონიაში, თურქეთში და უკრაინაში.

”ციხეების და წინასწარი დაკავების საკნების გადატვირთულობა და იქ არსებული ცუდი პირობები კვლავ წარმოადგენს შეშფოთების საგანს ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც მონიტორინგის ან პოსტ-მონიტორინგის პროცესში იმყოფება, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში,” – ნათქვამია რეზოლუციაში.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)