პარტიებს დაფინანსება საბიუჯეტო ცვლილებების შემდეგ აღუდგება – ბაქრაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტიებისთვის ორი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა განაპირობა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გაჭიანურებამ ოპოზიციური აქციებით გამოწვეული პარლამენტის მუშაობის შეზღუდვის გამო.

”აბსოლუტურად უსაფუძვლოა ყოველგვარი სპეკულაცია პარტიები დაფინანსება არ დაფინანსებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან პარლამენტის სხდომაზე, ”ბოლო თვეში შეიქმნა პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა საბიუჯეტო ცვლილებების მიღების აუცილებლობას. როგორც კი საბიუჯეტო ცვლილებები იქნება მიღებული ეს დაფინანსება იქნება სრული მოცულობით აღდგენილი, როგორც აქამდე შეუფერხებლად იღებდა ყველა პარტია”.

”ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რატომაც საბიუჯეტო ცვლილებები გაჭიანურდა და მათ შორის ამ პარტიებმა ბოლო თვეში ვერ მიიღეს დაფინანსება  გახლავთ ის, რომ მათ მიერ მოწყობილი პიკეტების და ბლოკირების შედეგად პარლამენტში არ ტარდებოდა პლენარული სხდომები,”- დასძინა მან.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც 9 აპრილიდან საპროტესტო აქციებს უწევს ორგანიზებას, განაცხადა, რომ დაფინანსება მაისიდან არ მიუღია.

საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად არანაირ ცვლილებებს არ ითვალისწინებს პარტიათა დაფინანსების კუთხით, პარლამენტში ივნისის დასაწყისში შევიდა განსახილველად. პარლამენტი საბიუჯეტო ცვლილებების პირველ განხილვას დღევანდელ სხდომაზე, ხოლო მის მიღებას 4 ივლისის შემდეგ გეგმავს.

ბაქრაძის განცხადებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერი დეპუტატის გამოსვლები ლევან გაჩეჩილაძისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შს ყოფილ მინისტრთან კახა თარგამაძესთან შეხვედრის თაობაზე. დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ოპოზიციის რუსულ კავშირებს და რუსული ”კრიმინალური ფულის” მიღების თაობაზე ეჭვებს, მათ შორის კახა თარგამაძისგანაც. მათ ასევე გაიხსენეს გამყრელიძის სადაზღვევო ბიზნესის კავშირი კახა თარგამაძესთან და მოუწოდეს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას გამოხატოს თავისი პოზიცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ალასანიას გუნდის წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალასანია ამჟამად ნიუ-იორკშია, სადაც გაეროში შეხვედრებს მართავს და ის საქართველოში დაბრუნებისთანავე დააფიქსირებს თავის პოზიციას.

დეპუტატმა ქართული დასიდან ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მიკერძოებულ შეფასებებს აკეთებს, როცა წარსული სხვა პასაჟებთან ერთად არ იხსენებს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როცა მაშინდელი უმრავლესობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან საჯარო მადლობა გადაუხადა კახა თარგამაძეს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)