კონსერვატორების აქტივისტი დააკავეს ქვემო ქართლში
კონსერვატიული პარტიის განცხადებით, 25 ივნისს პარტიის დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ჩხვიმიანი დააკავეს.
”ჩხვიმიანს პოლიციის თანამშრომლები სახლში შეეჭრნენ და ჩხრეკის დროს ხელყუმბარა და 4 ცალი საბრძოლო ვაზნა ”აღმოუჩინეს”, – განაცხადა დღეს კონსერვატიულმა პარტიამ.
პარტია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ”შეწყდეს ოპოზიციის წევრებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმები და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები”.
17 ივნისს ასევე დააკავეს კონსერვატორების ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იოსებ ქებურია, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება ”აღმოუჩინეს“. მას უკვე შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. კონსერვატიული პარტია მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყველა პირის უპირობო გათავისუფლებას.
“9 აპრილის საპროტესტო აქციის დაწყებიდან ხელისუფლება ახორციელებს ოპოზიციის მხარდამჭერთა მასობრივ დაპატიმრებებს პოლიტიკური ნიშნით. დაკავების სცენარი ზედმიწევნით ემთხვევა 9 აპრილის შემდგომ პერიოდში ოპოზიციური პარტიების სხვა მომხრეთა დაკავებებს. კერძოდ, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში დაპატიმრებულებისთვის ხდება იარაღის ან/და ნარკოტიკული ნივთიერების ”ჩადება“, -აცხადებენ კონსერვატორები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)