საქართველოზე უთანხმოების მიუხედავად ნატომ რუსეთთან თანამშრომლობა აღადგინა
ნატო და რუსეთი 27 ივნისს შეთანხმდნენ აღადგინონ პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა, იმის მიუხედავად რომ კვლავაც რჩება "ძირეული უთანხმოება“ საქართველოს გარშემო, განაცხადა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბარძნეთის კუნძულ კორფუზე გამართული შეხვედრისას, რომელშიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი მონაწილეობდნენ.
ნატო–მ რუსეთთან ურთიერთობები საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ შეაჩერა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სხეფერმა განაცხადა, რომ "ღია და კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები შედგა.
"რაც იმას ნიშნავს, რომ არავის უცდია უგულებელეყო ის განსხვავებები, რომლებიც [ნატო–სა და რუსეთს შორის] არსებობს, მაგალითად საქართველოს თაობაზე,“ – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
”არსებობს ძირეული უთანხმოება, რაც უკავშირდება პოზიციებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სხეფერმა და იქვე დასძინა, რომ განსხვავებული პოზიციები არსებობს ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაეროს და ეუთოს დამკვირვებლებისთვის მანდატის არ გაგრძელების გამო.
”მაგრამ – და სწორედ აქ ჩნდება ‘მაგრამ’ – იმის მიუხედავად, რომ მე არ ველი, რომ ეს ორი პოზიცია ერთმანეთს დაუახლოვდება უახლოეს მომავალში, ეს არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რათა მოხდეს იმ უამრავი საკითხის განხილვა, რომელიც ნატო–რუსეთის საბჭოს ფარგლებში არსებობს,“ – განაცხადა სხეფერმა.
მისივე თქმით, ”რუსეთს ჭირდება ნატო და ნატოს ჭირდება რუსეთი“. მან ჩამოთვალა ის საკითხები, სადაც ერთობლივი ძალისხმევა არის საჭირო, მათ შორის ავღანეთი, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, სომალელი მეკობრეების პრობლემა, ტერორიზმი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა.
სხეფერის განცხადებით, შეხვედრის დროს სერგეი ლავროვმა, ისევე როგორც სხვა მინისტრებმა, ”ინტენსიურად“ წამოწიეს საქართველოს საკითხი.
მან იქვე დასძინა, რომ ორი მხარის პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში, შეხვედრის დროს ”ერთმანეთთან არ დაახლოებულა.“
როდესაც სხეფერს პრესკონფერენციაზე ნატო–ს გაფართოებაზე კითხეს, მან უპასუხა: „”ნატოს კარი ღიაა და ეს არის ჩვენი პრინციპი. როგორც მოგეხსენებათ დასავლეთ ბალკანეთში არიან ქვეყნები, რომლებიც აკაკუნებენ ამ კარზე.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ არ მოხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადასინჯვა.
”ყველამ უნდა მიიღოს შექმნილი ახალი რეალობა,“ – განაცხადა ლავროვმა, ”რუსეთის მიერ კონფლიქტის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ გადაიხედება.“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)