საქართველო რუსულ წვრთნებს ”სახიფათო პროვოკაციას” უწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა 29 ივნისს, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ”კავკაზ-2009” არის ”ძალიან სახიფათო პროვოკაცია”.
რუსეთმა სამხედრო წვრთნები ”კავკაზ 2009” ჩრდილოეთ კავკასიაში 29 ივნისს დაიწყო, რომელიც 6 ივლისამდე გასტანს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 8 500 სამხედრო, 200-მდე საბრძოლო ტანკი, 450 ჯავშანმანქანა და 250-მდე სხვადასხვა ტიპის საარტილერიო სისტემა.
წვრთნებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში განლაგებული რუსული ძალები. ამის შესახებ რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ვლადიმერ ბოლდირევმა განაცხადა.
”ამგვარი მანევრების ჩატარება ასეთი ფეთქებადსაშიში სიტუაციის ფონზე მხოლოდ შემდგომ დაძაბულობას შეუწყობს ხელს,” – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს.
საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასახელებს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს საზღვართან ”გააგრილებს ომის მსურველების ფანტაზიას” თბილისში.
”საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ თქვა უარი ახალ სამხედრო ავანტიურაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და არ თქვა უარი მცელობებზე ტერიტორიული საკითხები ძალისმიერი მეთოდებით მოაგვაროს,” – განაცხადა რუსმა სამხედრომ.
”დღეს ქართული არმიის სამხედრო აღჭურვილობა და შეიარაღება არ არის ნაკლები, ვიდრე ეს აგვისტოს ომის დროს იყო, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ამგვარ ვითარებაში სამხედრო წვრთნების ”კავკაზ 2009”-ის ჩატარებად ნამდვილად შეუწყობს ხელს სტაბილურობას როგორც რუსეთის სამხრეთში, ისე ზოგადად კავკასიის რეგიონში, და გააგრილებს ომის მსურველთა ფანტაზიებს,”- განაცხადა მან.
წვრთნების სცენარის მიხედვით, რუსული ძალები უნდა დაუპირისპირდნენ საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ მთელი რიგი ბაზები და ბანაკები შექმნან ჩრდილოეთ კავკასიის მთიან რაიონებში რუსეთის სამხრეთ ნაწილის დესტაბილიზაციის მიზნით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ სცენარის თანახმად, ”ექსტრემისტების მიზანია ტერორისტული აქტების განხორციელება ტრანსპორტის და ენერგეტიკის მნიშვნელოვან კომუნიკაციებზე, სტრატეგიულ ობიექტებზე და შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიის რამოდენიმე რეგიონის ხელში ჩაგდება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)