ხელისუფლება შეკრებებისა და მანიფესტაციების წესებს ამკაცრებს

ხელისუფლებამ მოამზადა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს უფრო დაზუსტებულ და მკაცრ რეგულაციებს შეკრებებისა და მანიფესტაციების წესებთან დაკავშირებით, ასევე პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენების დაკანონებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ხელოვნური ბარიერებით ან რაიმე ხელოვნური კონსტრუქციებით ქუჩის გადაკეტვა არის დაუშვებელი.

მისი თქმით, განზრახ ქუჩის გადაკეტვის აკრძალვაში ასევე იგულისხმება საავტომობილო მოძრაობის შეჩერება მაშინ, როდესაც მიტინგში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით არ არის აუცილებელი მოძრაობის შეფერხება. 

1 ივლისს გზის გახსნის მოთხოვნით გაიმართა ე.წ. ტაქსების აქცია – უკვე მეორედ 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ – სადაც მძღოლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან იმპროვიზირებული საკნების აღებას და რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენას მოითხოვნდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ აქციას ხელისუფლების მიერ მართული უწოდეს.

”სამომავლო ნებისმიერ შემთხვევაში ქუჩების გადაკეტვა საკნების ან ნებისმიერი სხვა კონსტრუქციების მეშვეობით იქნება შესაბამისად რეაგირებული და სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს,”- განაცხადა კუბლაშვილმა.

ცვლილებები იგეგმება ასევე პოლიციის შესახებ კანონშიც, სადაც განისაზღვრება, რომ პოლიციას სხვა აქამდე არსებულ სპეციალურ საშუალებებთან ერთად შეეძლება არალეტალური ტყვიების გამოყენებაც. 2007 წლის ნოემბრისა და 6 მაისის აქციაზე პოლიციამ არალეტალური ტყვიები მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენა.

კუბლაშვილის განცხადებით, ეს პოლიციის მხრიდან არ ყოფილა უკანონო ქმედება, რადგან კანონმდებლობა კრძალავს საერთაშორისო ნორმებით აკრძალული სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომლებშიც არ შედის არალეტალური ტყვიები.

”ჩვენ დავაზუსტებთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს არალეტალური იარაღი სამართალდამცავმა ორგანოებმა. ეს არის ისეთი შემთხვევა, როცა ხდება საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევა, როდესაც ხდება თავდასხმა პოლიციელებზე და როდესაც აუცილებელია ამის გამოყენება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,”- განაცხადა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, ცალკეულ სამართალდარღვევებზე, რაც ასევე შეკრებების და მანიფესტაციების თემას უკავშირდება, ასევე იგეგმება ჯარიმების გამკაცრება, ”მათ შორის იმაზე, რაც უკავშირდება წარწერებს ადმინისტრაციულ შენობებზე, წარწერებს ძეგლთან მიმართებაში და ა.შ.”. ასევე ადმინისტრაციული სასჯელი, რაც დღეის მდგომარეობით 30 დღიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ცვლილებების შედეგად, 3 თვემდე გაიზრდება. 

”ვფიქრობ, რომ ჩვენი ახალი ფორმულირებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან,”- აცხადებს კუბლაშვილი.

კანონპროექტთა აღნიშნული პაკეტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. 

”ასეთი ტიპის კანონპროექტები, რომლებიც მიმართულია ფუნდამენტალური უფლებების შეზღუდვისკენ, არ უნდა იქნას დაჩქარებული წესით მიღებული,” – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა 1 ივლისს სტუდია ”მაესტროს” ტოქ-შოუში საუბრისას. მისი თქმით, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 3 თვემდე გაზრდა ”დანაშაულია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)