რუსი ჯარისკაცი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

რუსმა ჯარისკაცმა თვითნებურად მიატოვა თავისი სამხედრო ნაწილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, რათა თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს – ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში.

”ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსმა ჯარისკაცმა თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი.

ჯარისკაცმა დიმიტრი არტემიევმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს 2 ივლისს, რომ მან დატოვა საჩხერის რაიონში სოფელ პერევში განლაგებული სამხედრო ნაწილი.

ჯარისკაცმა, რომელიც თბილისში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინ იდგა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას ძალიან ცუდად ექცეოდნენ და სცემდნენ ნაწილში.

იანვარში რუსმა ჯარისკაცმა ალექსანდრე გლუხოვმა ასევე დატოვა თავისი სამხედრო ნაწილი ახალგორში და ქართულ მხარეს ჩაბარდა.

ივნისში ლეიტენანტმა ალიკ ბჟანიამ, რომელიც, შსს-ის ცნობით, მაისამდე საქართველოს სანაპირო დაცვაში მსახურობდა, რადიო ”ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა, რომ იგი საქართველოდან გაიქცა და რუსეთში ეძებს პოლიტიკურ თავშესაფარს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)