ობამას მოსკოვური ვიზიტი ქართული მედიის მთავარი თემაა

ქართული მედიის მთავარ თემას აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვური ვიზიტი წარმოადგენს, რადგანაც თბილისში დიდი მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთის ხელმძღვანელობასთან განხილულ საკითხთა შორის იქნება.

ქართულმა ტელეკომპანიებმა თავიანთი საინფორმაციო გამოშვებები სწორედ ამ თემით დაიწყეს, რასაც თან ახლდა პირდაპირი ჩართვები მათ კორესპონდენტებთან მოსკოვში, ხოლო გაზეთებმა წამყვანი სტატიები მიუძღვნეს ამ შეხვედრას. გაზეთ ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით ”პუტინობამამანია”; გაზეთმა ”რეზონანსმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით ”ობამა, მედვედევი და საქართველო”, ხოლო გაზეთ ”24 საათში” დაიბეჭდა სტატია სათაურით ”პრინციპული ’გადატვირთვა’”.

სტატიები ამ თემაზე ძირითადად ასახავს ქართველი ექსპერტების და პოლიტიკოსების მოლოდინებს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველო აშშ-ის რუსეთთან ”გადატვირთვის”  (reset) პოლიტიკას საქართველოს ინტერესები არ შეეწირება. ამ მოსაზრების გასამყარებლად მათ ძირითადად აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო დროინდელი განცხადებები და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მომავალი ვიზიტი საქართველოსა და უკრაინაში მოყავთ.

”ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ [რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების] გადატვირთვისხარჯზე მივატოვოთ ჩვენი ძალიან ახლო ურთიერთობა ამ ორ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან – უკრაინასთან და საქართველოსთან,” – განაცხადა 1 ივლისს მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორმა რუსეთის და ევრაზიის საკითხებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა თბილისში 10 ივნისს, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს საკითხს მოსკოვში ვიზიტის დროს დააყენებს.

”მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი [ობამა] საქართველოს საკითხს წამოწევს რუსეთთან საუბრის დროს… საქართველო მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დააყენებს ამ საკითხს და ჩვენ მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ ნათლად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ რუსეთი შეასრულებს ყველა თავის შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში,” – განაცხადა გორდონმა.

Independent-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყველა სიტყვას ყურადღებით შეარჩევს მოსკოვში.

”თუ ობამა ისეთ რამეს იტყვის, რაც რაიმეზე გარკვეული ნებართვის ტოლფასი იქნება, ისინი წავლენ ამაზე. ამიტომ ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს. თქვენ ბიზანტიურ ტრადიციებთან გაქვთ საქმე და რუსეთთან გიწევთ დემაგოგიური საუბარი, რაც დასავლეთისთვის რთული გასაგებია,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)