სააკაშვილი ობამას განცხადებაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ თავის რუს კოლეგასთან ერთად მოსკოვში ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება იყო საქართველოს ”უპირობო მხარდაჭერის” გამოხატულება.  

ქვემოთ მოცემულია საქართველოს პრეზიდენტის სატელევიზიო განცხადება, რომელიც ვილნიუსშია ჩაწერილი, სადაც სააკაშვილი ლიტვის ათასწლეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება:

”მთელი ეს თვეები ჩვენ გვესმოდა და გვესმის ზოგიერთი, მათ შორის ჩვენი თანამემამულისგან, რომლებიც ბრმად იმეორებენ რუსული პროპაგანდის მიერ შემოგდებულ ტყუილს, რომ საქართველო იზოლაციაშია, რომ საქართველომ დაკარგა მთავრობის გამო დასავლეთის და დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა. 

და ნახეთ, ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელიც გამოიყო, როგორც მთავარი განსხვავება რუსეთსა და ამერიკას შორის, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამერიკამ უპირობოდ გამოხატა მხარდაჭერა [საქართველოს მიმართ] და პირველივე შეხვედრაზე –  სადაც, ზოგადად, ერიდებიან განსხვავებების აფიშირებას – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს მშვიდობის სადარაჯოზე ძალიან ხმამაღლა დადგა.

და ერთი რამ უნდა გვესმოდეს ჩვენ ყველას:  ვერ შეინარჩუნებს ოკუპანტები ჩვენ ტერიტორიას; გავიმარჯვებთ ჩვენს ბრძოლაში დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერით, თუ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ თვითონ არ გამოვუთხრით ძირს საკუთარ თავს.

და მე ვფიქრობ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობდით, დასტურდება: ჩვენ შევინარჩუნეთ მხარდაჭერა; ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა; ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას დემოკრატიულ, დასავლურ, ევროპულ სამყაროში; ჩვენ გავძლიერდებით და ჩვენ, ჩვენ მეგობრებთან ერთად, აუცილებლად მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის დე-ოკუპაციას, აუცილებლად გავაძევებთ დამპყრობელ ძალებს  ჩვენი ტერიტორიიდან.

ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დემოკრატიული სამყარო მომავალშიც გააგრძელებს ამის მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ ყველანი ვიქნებით ჭკუით და თუ გავაგრძელებთ ერთიანობის პირობებში ბრძოლას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)