რუსული ჟურნალი აგვისტოს ომის დროს რუსეთის საჰაერო ძალების დანაკარგების შესახებ იტყობინება

რუსეთმა ექვსი თვითმფრინავი დაკარგა საქართველოსთან აგვისტოს ომის დროს, რომელთაგანაც სამი, შეცდომით, თავად რუსების მიერ იქნა ჩამოგდებული, იტყობინება რუსული, ინგლისურენოვანი, სამხედრო ჟურნალი Moscow Defense Brief-ი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა, რომ ოთხი თვითმფრინავი დაკარგა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად – სამი SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და ერთი TU-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი.

თუმცა ამ ოთხის გარდა, ჟურნალის თანახმად, რომელსაც მოსკოვში არსებული სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი აქვეყნებს, რუსეთმა კიდევ ორი SU-24M ტიპის თვითმფრინავი დაკარგა.

”ამათგან [ექვსიდან] ორი თვითმფრინავი ნამდვილად მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად იქნა ჩამოგდებული, სამი ე.წ. ’მეგობრული ცეცხლით’ იქნა განადგურებული, ხოლო იმის გარკვევა თუ ვინ ჩამოაგდო მეექვსე თვითმფრინავი გაურკვეველია” – ნათქვამია Moscow Defense Brief-ის სტატიაში, იტყობინება სააგენტო ”როიტერი”,
 
იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარებსა საჰაერო ძალები არაკოორდინირებულად მოქმედებდნენ.

ქართული მხრიდან ურთიერთგანსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი რუსული თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაშინდელმა უფროსმა ზაზა გოგავამ შარშან ოქტომბერში აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას განუცხადა, რომ 19 რუსული თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. მან ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს არც ერთი ქართული თვითმფრინავი არ ყოფილა ჩამოგდებული ან დაზიანებული.

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა იგივე კომისიას შარშან ნოემბერში განუცხადა, რომ საქართველომ 15 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.

Moscow Defense Brief-ის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დროს რამოდენიმე SU-25 ტიპის თვითმფრინავი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მათ ბაზაზე დაბრუნება მოახერხეს. ყველა ეს თვითმფრინავი მიწა-ჰაერის ტიპის გადასატანი საზენიტო სისტემებიდან იქნა დაზიანებული, იტყობინება ჟურნალი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)