გაჩეჩილაძე ქმნის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ”დაიცავი საქართველო”
დღეს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ”დაიცავი საქართველო” საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის თაოსნობით.
”არჩევნებში და შემდეგ უკვე ომში დამარცხებული ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოსახლეობაზე აღვირახსნილი ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების მეტი კონსოლიდაციისთვის, ახალი თავისუფალი, არჩევნების მისაღწევად გამოვდივართ ინიციატივით შეიქმნას საერთო საყოველთაო საზოგადოებრივი მოძრაობა – დაიცავი საქართველო,”- ნათქვამია მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.
”დაიცავი საქართველოს” – ეს ოპოზიციის საპროტესტო სამთვიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო – საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე 50 ადამიანს, ძირითადად ხელოვნების სფეროდან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორის არიან: მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე ”უცნობი”; მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი; რეჟისორები რობერტ სტურუა, რეზო ჩხეიძე და რეზო ესაძე; პოეტი დავით მაღრაძე, პოლიტიკოსი გოგა ხაინდრავა; თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გია ყარყარაშვილი; კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე; მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი; ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, სპორტსმენი ბიძინა გეგიძე; მსახიობები ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა პაპუაშვილი, ნატო მურვანიძე და ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
დავით მაღრაძის განცხადებით, მოძრაობაში დარეგისტრირება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მომავალი კვირიდან და მას შემდეგ, რაც წევრთა რაოდენობა 100 000-ს მიაღწევს, მოძრაობა ოფიციალურად დარეგისტრირდება.
”9 აპრილის მოვლენებმა დაგვანახა, რომ ძალიან სერიოზული, დიდი და ღვაწლმოსილი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა უჭერდა 9 აპრილის მოძრაობას მხარს, ამიტომ ბუნებრივად მოიტანა სიტუაციამ საზოგადოების კონსოლიდაციის თემა,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ”დარწმუნებული ვართ ჩვენ ჩვენს ძალებში”.
მისი თქმით, მოძრაობა, რომელიც პოლონური ”სოლიდარობის” ანალოგიის მცდელობაა, პირველ ეტაპზე ორი მიმართულებით იმოქმედებს: საზოგადოების კონსოლიდაცია და საპროტესტო მუხტის შენარჩუნება.
2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის მთავარი საპრეზიდენტო კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე უპარტიო პოლიტიკოსია, რომელსაც დასაყრდენი პოლიტიკური ძალა არ ჰყავს მას შემდეგ, რაც 2003 წელს მის მიერ დაფუძნებული ახალი მემარჯვენეები დატოვა.
გაჩეჩილაძის თქმით, უახლოეს პერიოდში განისაზღვრება ახალი მოძრაობის წესდება, ბიუჯეტი და დაფინანსების საკითხი.
დეპუტატებმა მმართველი ნაციონალური მოძრაობიდან ახალ საზოგადოებრივ გაერთიანებას უკვე უწოდეს ”კახა თარგამაძის პარტია”, რომელიც ”რუსული კრიმინალური ფულით” ფინანსდება.
ყოფილი შს მინისტრის კახა თარგამაძის ფიგურის ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ივნისში ლევან გაჩეჩილაძე და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ბერლინში შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრის ფარული ჩანაწერები დღეების განმავლობაში ქართული მედია-სივრცის მთავარი თემა იყო. ფარული ჩანაწერების გავრცელებამდე კი ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ევროპაში ახალი მოძრაობისთვის ”ფულის საშოვნელად” იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ თარგამაძესთან დაფინანსების საკითხი არ განუხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)