იაკობაშვილი: არ წამოვეგებით ”ძალიან ბევრ” მოსალოდნელ პროვოკაციას
სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ იქნება ძალიან ბევრი პროვოკაციები რუსეთი მხრიდან, რადგან ”ასე ადვილად არავინ არ შეგვეშვება”.
”მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციები იქნება ძალიან ბევრი, იქნება ძალიან ბევრი მცდელობა, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ რამე სახის სამხედრო პროვოკაციაში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროვოკაციებზე არც წამოგებას, არც აყოლას,”- განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს 13 ივლისს.
მისი თქმით, რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ომისთვის ემზადება, მაგრამ ”პოლიტიკურად ეს ნაკლებ სავარაუდოა”, რადგან დიდი ”ფასის” გადახდა მოუწევს.
მისი თქმით, თბილისისთვის ”ძალიან მნიშვნელოვანია”, რომ ომის თემაზე საუბრები მიდის არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე საუბრები რომ ყოფილიყო შარშან ამ დროს, აგვისტოში ომი არ იქნებოდა,”- აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)