სააკაშვილი ანკარაში ნაბუკოს სამიტს ესწრება
პრეზიდენტი სააკაშვილი 13 ივლისს ანკარას სტუმრობს, სადაც ნაბუკოს გაზსადენის პროექტზე მაღალი დონის სამიტში მონაწილეობს.
ნაბუკოს გაზსადენზე სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის საშუალებითაც მოხდება გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვის რეგიონიდან რუსეთის გვერდის ავლით, ხელს მოაწერენ თურქეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები.
”ასეთი მასშტაბის პროექტი, ამდენ მოთამაშეს შორის ჯერ ამ რეგიონში არ განხორციელებულა და არის ძალიან სერიოზული ექსპერიმენტი და ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი,” – განუცხადა სააკაშვილმა სამიტის მონაწილეებს, რომელთა შორისაც არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუალ ბაროზო და ერაყის პრემიერ-მინისტრი მური ალ-მალიქი.
”ახლა მიდის ბრძოლა კასპიური ბუნებრივი გაზისთვის და ეს არის კონკურენცია, ბრძოლა ყაზახეთსა და თურქმენეთში არსებულ ძალიან დიდი მარაგებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის ასევე კონკურენცია და თანამშრომლობა არა მხოლოდ ევროპული მომხმარებლების მონაწილეობით, არამედ ჩინეთის, იაპონიის მონაწილეობით,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”დღევანდელი ჩვენი აქ ჩამოსვლა ადასტურებს, რომ ჩვენ სოლიდარული ვართ არა მარტო სიტყვებში – ჩვენ ბევრი დეკლარაცია მივიღეთ, ხანდახან იყო განცდა, რომ ჩვენ ადგილზე ვიყავით [წინ ვერ მივიწევდით პროექტთან დაკავშირებით”.
გასულ კვირას თურქმენეთმა გამოხატა ინტერესი პროექტისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით, რამაც გაზარდა იმედები, რომ საკმარისი მომწოდებელი იქნება, რათა პროექტი სიცოცხლისუნარიანი გახდეს.
სამიტზე გამოსვლისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”შარშანდელი ომი, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და გაზის გათიშვა ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისთვის რამდენიმე თვის წინ, იყო ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენები და იყო კლასიკური დომინაციის აგრესიული გათიშვის პოლიტიკის გამოხატულება”.
”გაზი 21-ე საუკუნის ინსტრუმენტად იქცა, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა 21-ე საუკუნეში, მაგრამ მე-19 საუკუნის კლასიკური სქემებით,” – განაცხადა მან.
”შარშან ათეულობით ბალისტიკური რაკეტა ესროლეს საქართველოს ნავთობისა და გაზის გადამანაწილებელ ქსელს, ყოველგვარი სამხედრო რაიმე სახის დასაბუთების გარეშეც კი, თუმცა თავისთავად აგრესია შეუძლებელი იყო რაიმე სახით დასაბუთებული ყოფილიყო,” – განაგრძო მან. ”გაზის გათიშვამ ევროპაში გამოიწვია ღრმა პოლიტიკური პროცესები, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რამდენად მძლავრი პოლიტიკური იარაღია გაზი და რამდენად საშიშია გაზით ქვეყნების შანტაჟი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)