გალში მხარეები რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდნენ
ქართული და აფხაზური მხარეები, ასევე ადგილზე განლაგებული რუსული სამხედრო მეთაურები შეთანხმდნენ გაეროს და ევროკავშირის ხელშეწყობით შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გამართონ.
14 ივლისს გალში გაიმართა პირველი შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება ჟენევის ბოლო რაუნდის დროს იქნა მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მხარეები ”ტექნიკურ, პროცედურულ საკითხებზე” შეთანხმდნენ.
მან განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ რეგულარული შეხვედრები გაეროს წარმომადგენლების თავმჯდომარეობით გაიმართოს.
ორი ანალოგიური შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც გაიმართა. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარე ამჟამად უარს აცხადებს შეხვედრებში მონაწილეობაზე და ამის მოტივად სხვა საკითხებთან ერთად თავმჯდომარეობის საკითხზე უთანხმოებას ასახელებს.
აფხაზურ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ აფხაზეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი გალის რაიონში რუსლან ქიშმარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა.
გაეროს თქმით, შეხვედრა ”პროდუქტიული” იყო. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები, რომლებმაც მომდევნო შეხვედრების პირობები განიხილეს, ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, გარდა ერთისა.
”შედგა შეთანხმება შეხვედრების პერიოდულობაზე, შეხვედრების ფორმატზე, შეხვედრების სამუშაო ენაზე, შეხვედრების დასკვნების შედგენაზე, ”ცხელი ხაზის” პრაქტიკულ ჩამოყალიბებაზე. ერთადერთი საკითხი, რომელიც მომდევნო შეხვედრაზე კვლავ იქნება განხილული, არის შეხვედრების ადგილმდებარეობა,” – განაცხადა გაერომ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა გალში 28 ივლისს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)