სააკაშვილი მედვედევის სტუმრობას ცხინვალში ”სამარცხვინოს” და ”ამორალურს” უწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად თურქეთში ნაბუკოს სამიტს ესწრება, ”სამარცხვინო” და ”ამორალური” აქტი უწოდა პრეზიდენტ მედვედევის ”ჩუმად შემოპარვას” ცხინვალში.
მისი თქმით, ეს იყო პასუხი ან ნაბუკოს სამიტზე, ან აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ საქართველოზე ხელახალი თავდასხმის განუხორციელებლობის გაცნობიერება.
”ვფიქრობ, ის რაც დღეს მოხდა, შევა რუსეთის დიპლომატიურ ისტორიაში, რომელიც მე შესწავლილი მაქვს, როგორც საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ამორალური პრეცედენტი,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”სამარცხვინო იმიტომ, რომ მაშინ როცა პატარა საქართველოს ლიდერი მრავალ სხვა მსოფლიოს ლიდერთან ერთად, ჯერ ერთი, გასულია ქვეყნიდან და შემდეგ, წყვეტს მსოფლიოსთვის გლობალურ საკითხებს მთელი მსოფლიოს დასანახად, ამხელა რუსეთის პრეზიდენტი ჩუმად შემოიპარა ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე პატარა რეგიონში და პირადად ეახლა ვითომ მოლაპარაკებისთვის დაუბანელ, კაცის მკვლელ, კორუმპირებულ კრიმინალს,”- აღნიშნა მან დაახასიათა რა ამ უკანასკნელი სიტყვებით სეპარატისტი ლიდერი ედუარდ კოკოითი, ”არის თუ არა ასეთი რამე მომხდარი რუსეთის ისტორიაში, მე მართალი გითხრათ ვერ ვიხსენებ”.
”მაგრამ ეს ასევე არის ძალიან ამორალური იმიტომ, რომ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი გაატარეს ალბათ გზაზე, მას უთხრეს თუ არა არ ვიცი, მაგრამ მან გადაიარა ნასახლარები ათობით ათასი ეთნიკური ოსის და ეთნიკური ქართველის, რომელიც ბულდოზერებმა გაასწორეს მიწასთან შარშანდელი პუტინის ავანტიურის შემდეგ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მედვედევის ეს ვიზიტი ”ამორალური ლაქა იქნება ნებისმიერი რუსი ლიდერისთვის დღესაც და მომავლისთვისაც”.
”არ ვიცი ეს იყო პასუხი მათი მხრიდან ნაბუკოს სამიტზე, რასაც ისინი განიხილავენ თავის დიდ დიპლომატიურ მარცხად, თუ ეს იყო იმაზე, რომ ობამას მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს თვეები პუტინს ხელი ექავებოდა, რომ ხელახალი თავდასხმა განეხორციელებინა საქართველოზე და დაემთავრებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მან უცებ გააცნობიერა, რომ მას არც ამის რესურსი აქვს, არც ძალა არა აქვს და არც ამის საშუალება მას არავინ არ მისცემს,”- აღნიშნა მან, ”ყველა შემთხვევაში საუბარი გვაქვს ძალიან, ძალიან სამარცხვინო აქტზე”.
სააკაშვილმა ამ ვიზიტზე საუბრისას ასევე ახსენა შიდა პოლიტიკური ვითარება და განაცხადა: ”ყველას, ვინც ჩვენ ქვეყანაშიც ცდილობს ასიამოვნოს ამ ხალხს ან მათ დაკრულზე იცეკვოს, დაფიქრდეს რა სამარცხვინო ხალხთან უხდებათ მათ ასოცირება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ”.
”შეუძლებელია, რომ ასეთმა პოლიტიკამ გაძლოს,”- განაგრძო მან, ”საქართველო აუცილებლად გაძლიერდება, ბოლომდე დადგება ფეხზე და გამთლიანდება და მთელ ამ პოლიტიკურ ცირკს და ამორალურ, სამარცხვინო ქმედებებს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ დავამთავრებთ ჩვენს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში დანარჩენი მსოფლიოსთვის”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)