ბურჯანაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 13 ივლისიდან აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროში.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბურჯანაძე შეხვდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ სტუარდს; ასევე სენატორ როჯერ ვიკერს, კონგრესმენებს – რობერტ ვექსლერს, ბილ შუსტერსა და ალისონ შვარცს.
ამავე ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში ”ნინო ბურჯანაძისთვის საგანგებო მრგვალი მაგიდა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას დეპარტამენტის 20 წარმომადგენელი იღებდა”.
”ამერიკელ კოლეგებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ობიექტური და ადეკვატური რეაგირება ვთხოვე,” – განაცხადა ბურჯანაძემ, პრეს-რელიზის თანახმად.
ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებში და ამჟამად მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური მიმართულებების ხელმძღვანელს დევიდ კრამერს.
შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ამ პრობლემის ცივილური გზით მოგვარების აუცილებლობას; საქართველოში არსებულ ”მძიმე” პოლიტიკური რეალობას; ასევე ბურჯანაძემ ამერიკელ კოლეგებს ”უკანონო დარბევებისა და ძალადობის ამსახველი” ვიდეო და ფოტომასალაც გადასცა, იუწყება პარტიის პრესსამსახური.
მორიგ შეხვედრებს ბურჯანაძე აშშ-ის კონგრესში, ასევე, თეთრ სახლში, ჰელსინკის კომისიაში, ”საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში“ (IRI), ”ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში“ (NDI), ამერიკულ ორგანიზაციაში – "ნაციონალური წვლილი დემოკრატიაში" (NED) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გამართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)