გიორგი თარგამაძე ბაიდენის ვიზიტის შესახებ

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ საქართველო უნდა იქცეს ”პრეზიდენტ ობამას სამშვიდობო, დემოკრატიული პოლიტიკის ძირითადი განმახორციელებელი მთელს რეგიონში. ამ მხრივ ჩვენ ძალიან სერიოზული მისია გვაქვს”.

”ველი იმას, რასაც ელის რიგითი ქართველი. რიგითი ქართველი ელის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას. რიგითი ქართველი ელის ეკონომიკური, სოციალური, ფინანსური მდგომარეობის მეტნაკლებად გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ სტაბილურობასთან,” – განუცხადა თარგამაძემ ”რუსთავი 2”-ს.

გიორგი თარგამაძე ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს 23 ივლისს შეხვდება. მასთან ერთად ბაიდენს შეხვდებიან ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

თარგამაძის თქმით, ბაიდენთან შეხვედრაზე ის აპირებს გადასცეს მას ქართული მედიის წარმომადგენლების მიმართვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)