ბურჯანაძე: ”ბაიდენმა უნდა უთხრას სააკაშვილს დაასრულოს ავტორიტარული მმართველობა”

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც თბილისში 22 ივლისს ჩამოვიდა, ”სააკაშვილს უნდა განუცხადოს, რომ ეკონომიკურ დახმარებას მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწევენ, თუკი მის სულ უფრო მზარდ ავტორიტარულ, კორუმპირებულ და არადამოკრატიულ მმართველობას ბოლო მოეღება,” წერს დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე თავის სტატიაში, რომელიც Guardian-ში გამოქვეყნდა.

”პრობლემა, რომელსაც სააკაშვილი აწყდება და შესანიშნავი შესაძლებლობა, რასაც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის საქართველოში ვიზიტი გვთავაზობს მათ, ვისაც საქართველოს ნორმალურ რელსებზე დაყენება სურს, იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო დახმარების გარეშე, მისი რეჟიმი დამარცხდება,” – წერს ბურჯანაძე.

”აშშ-მ სააკაშვილს უნდა განუცხადოს, რომ ეკონომიკურ დახმარებას მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწევენ, თუკი მის სულ უფრო მზარდ ავტორიტარულ, კორუმპირებულ და არადამოკრატიულ მმართველობას ბოლო მოეღება. ეს არამხოლოდ იმის გარანტია გახდება, რომ მათი გადამხდელების ფული უაზროდ არ დაიხარჯება, არამედ აშშ  გრანდიოზულ საგარეო პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწევს, რადგან საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას დაუბრუნდება,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს 23 ივლისს შეხვდება. მასთან ერთად ბაიდენს შეხვდებიან ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია; ლევან გაჩეჩილაძე და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)