ოპოზიციის ლიდერები ბაიდენთან შეხვედრაზე კომენტარს აკეთებენ

ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, რომლებიც 23 ივლისს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდნენ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე უსაფრთხოების და დემოკრატიული რეფორმების საკითხები იქნა განხილული.

”შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი და წინდახედული პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენ საერთოდ გვინახავს ოდესმე,” – განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის შემდეგ.

”რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ღია დეტალებზე საუბარს არ დავიწყებთ. შემიძლია გითხრათ ზოგადად, რომ ამ შეხვედრაზეც მოხდა დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ახდენს თავისი პოლიტიკის პერსონიფიცირებას; მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მიაჩნია, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის განვითარებისათვის. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და მომავლის წინაშე, მთელი რეგიონის წინაშე არის გაორმაგებული,” – განაცხადა მან.

თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს მიატოვებს საქართველოს მის ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ”დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლის განვითარებაც აუცილებელია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად, და მეორეს მხრივ, თავისუფალი სამყაროს მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად,” – დასძინა მან.

”ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო,” – განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.  ”ჩვენ ძალიან გულწრფელად ვილაპარაკეთ ქვეყნის შიდა პრობლემებზე, ზოგადად უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დაპირება ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან და ვიცე–პრეზიდენტის მხრიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარება იქნება ძირითადი განმსაზღვრელი ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში სამომავლოდ. რა თქმა უნდა, ასევე ეს ურთიერთობები იქნებამიმართული საგარეო საფრთხეების აცილებისკენ. მაგრამ, ძირითადად, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა დაეფუძნება იმაზე, თუ როგორი პროგრესი იქნება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით. ამაში მხარდაჭერა არის მტკიცე და ეს არის ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი”.

კითვაზე იყო თუ არა საუბარი შეხვედრაზე შესაძლო არჩევნების ვადებთან დაკავშირებით, ალასანიამ უპასუხა: ”ეს არის ქართველი ხალხის, საზოგადოების და ჩვენი გადასაწყვეტი. აშშ არასდროს არ ჩაერევა ქვეყნის შიდა საკითხების გადაწყვეტაში, როგორიც არის პოლიტიკური კალენდარი”. 

”ძალიან ნათლად ითქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების და ქართველო ხალხის საქმეა, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და როდის იქნება არჩევნები. და მეორე ის არის, რომ თუ საქართველოში არ გადაიდგა ნაბიჯები თავისუფლებისკენ,  ადამიანის უფლებებისაკენ, დემოკრატიისაკენ, ამერიკის დახმარება არ იქნება,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

”ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრით. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ რეკომენდაციები არ ყოფილა და ეს ნამდვილად ხაზს უსვამს იმას, რომ აშშ არის ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის მეგობარი,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)