აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან ”სულ უფრო მნიშვნელოვანი” ხდება

აშშ-ს ექნება ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები საქართველოსთან, რადგანაც ვაშინგტონი მხარს უჭერს თბილისის მისწრაფებებს გახდეს ნატოს წევრი და ამგვარი ურთიერთობა ”სულ უფრო მნიშვნელვანი ხდება იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც ამ ქვეყანაში და მის გარშემოა,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ ქროულიმ 23 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე განიხილავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადაიარაღების საკითხს, ქროულიმ უპასუხა: ”საქართველო არის ნატოს წევრობის გზაზე, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ნატოს პოტენციურ წევრს უნდა გააჩნდეს ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც შეესაბამება ნატოს სტანდარტებს და რომელიც ალიანსის შესაძლებლობებს გაამყარებს. ამრიგად, ლოგიკურია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა საქართველოსთან”.

”ამრიგად, მე მიმაჩნია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა დღეს ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას, არამედ ჩვენ სურვილს კვლავაც დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში,” – დასძინა მან.

თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას მისი სამხედრო ძალების ”მოდერნიზაციის” საქმეში, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდება წვრთნაზე, დაგეგმასა და ორგანიზებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ”მთლიანად უჭერს მხარს” საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და დაეხმარება თბილისის ალიანსის სტანდარტების მიღწევაში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)