ევროკავშირი მესამე ქვეყნის ჩართვას საქართველოს მონიტორინგის მისიაში შემოდგომაზე განიხილავს
საქართველოს მონიტორინგის მისიაში ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების ჩართვის საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინსტრების 27 ივლისის შეხვედრაზე არ განხილულა, განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.
ევროკავშირმა 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში მისი მონიტორინგის მისიის კიდევ ერთი წლით გაგრძელების თაობაზე.
”დღევანდელი აქცენტი ის იყო, რომ გაგვეგზავნა უწყვეტობის, სტაბილურობის გზავნილი – ჩვენ იქ ვართ და განვაგრძობთ იქ ყოფნას და იმის კეთებას, რისი კეთებაცაა საჭირო, რათა წვლილი შევიტანოთ სტაბილურობაში,” – განაცხადა კარლ ბილდტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”შემდეგ, ზაფხულის შემდეგ სხვა საკითხებია, მათ შორის მესამე ქვეყნის მონაწილეობის საკითხი, რომელიც შესაძლოა დადგეს და დადგება კიდეც დღის წესრიგში,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)