საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა 15-მდე გაიზრდება

მმართველმა პარტიამ 27 ივლისს წარადგინა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდას არსებული ცხრიდან თხუთმეტამდე საბჭოს მასშტაბის გაზრდის მიზნით.

დღეს მოქმედ საბჭოში ცხრა ადგილიდან ოთხი ვაკანტური რჩება. აპრილში საბჭოს ოთხმა წევრმა, როგორც მათ განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ხელისუფლების სასარგებლოდ პოლიტიკური მოვლენების მიკერძოებული გაშუქების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს. ამჟამინდელი საბჭო თავისი ყოფილი წევრების ჩათვლით 2008 წლის თებერვალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად შეიქმნა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების მონაწილეობის გაზრდას დაეხმარება. 

20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი საბჭოს რეორგანიზება შესთავაზა. შედეგად ოთხ ადგილს ხელისუფლების მიერ წარდგენილი წევრები დაიკავებდნენ, ოთხს კი ოპოზიციის მიერ დასახელებულნი. დარჩენილ ერთ ადგილს, სააკაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაიკავებდა.

”ეს ცვლილებები მომდევნო 90 დღის მანძილზე უნდა განვახორციელეოთ,” – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივა ერთი ადგილის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის გამოყოფის თაობაზე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანდათან ”დეპოლიტიზირებას”. სააკაშვილს თავის გამოსვლაში საბჭოს წევრების გაზრდის გეგმები არ უხსენებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)