სსფ საქართველოს ფინანსურ დახმარებას 1.1 მლრ. აშშ დოლარამდე გაუზრდის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს გამოუყოფს 420 მილიონი აშშ დოლარის დამატებით ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოსთან შარშან სექტემბერში დაწყებული ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარების მთლიან მოცულობას 1.164 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის.

სსფ-ს და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი საბჭო აგვისტოში დაამტკიცებს, ასევე ითვალისწინებს ეკონომიკური პროგრამის ვადის გაგრძელებას თავდაპირველი 18 თვიდან 33 თვემდე, ანუ 2011 წლის ივნისამდე.

ეკონომიკური პროგრამა, რომელზეც საქართველო და სსფ შარშან სექტემბერში შეთანხმებდნენ, თავდაპირველად 750-მილიონი აშშ დოლარის ფინანსურ პაკეტს ითვალისწინებდა, რომლის მიზანიც საგარეო დაფინანსების შეფერხების  ნაწილობრივ გადაფარვას და ქვეყნის  მაკროეკონომიკურ სტაბილურობის უზრუნველყოფას იყო.

”ფინანსური პაკეტის გაზრდა და ეკონომიკური პროგრამის გახანგრძლივება 2011 წლის შუამდე ხელს შეუწყობს იმ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო იმ ზეწოლის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად შეიქმნა და რასაც დაერთო რუსეთთან კონფლიქტით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური ვარდნა,” – განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა, რომელიც საქართველოს 7-22 ივლისს სტუმრობდა.

”საქართველოს რეფორმების ძლიერმა კურსმა და ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში წარმატებულმა საქმიანობამ გაზარდა ნდობა რომ ხელისუფლებას შეუძლია ეკონომიკა სწორად წარმართოს ამ რთულ პერიოდში,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)