რუსეთი საქართველოს ”პროვოკაციების” წინააღმდეგ აფრთხილებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა საქართველო, რომ ძალას გამოიყენებს სამხრეთ ოსეთში ”მოქალაქეების დასაცავად” თუ თბილისი ”პროვოკაციებს” კვლავ გააგრძელებს.
სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს კონტროლირებად სოფელ დიციდან, ოსურ სამხედრო პოსტს ნაღმტყორცნიდან ორჯელ ესროლეს შაბათ დილით. სოფელი დიცი ცხინვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით ოთხ კილომეტრში მდებარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ცეცხლი არც ერთი მხრიდან საერთოდ არ ყოფილა გახსნილი.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ სროლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მოხდა ოთხი აფეთქება ადმინისტრაციული საზღვრის ოსურ მხარეს; აფეთქებების მიზეზები უცნობი რჩება, განაცხადა მან და დასძინა რომ ევროპელი მონიტორები განაგრძობენ შესწავლას და მოგვიანებით განცხადებასაც გაავრცელებენ.
1 აგვისტოს თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ”29 ივლისიდან და 1 აგვისტოს ჩათვლით სამხრეთ ოსეთს ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარტყორცნებიდან რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი”.
”ცეცხლი მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების სადამკვირვებლო პოსტისკენ, რაც ამ ქმედებების პროვოკაციულ ხასიათზე მიანიშნებს,” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ. ”რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს ამგვარ ქმედებებს როგორც საქართველოს ხელმძღვანელობის მცდელობას დაძაბოს ვითარება რეგიონში”.
”2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა, რამაც მიგვიყვანა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხრედრო აგრესიამდე და რუს სამშვიდობო ძალებზე თავდასხმამდე”.
”ამ ტიპის ქმედებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შემდგომი პროვოკაციების შემთხვევაში, რაც საფრთხეს შეუქმნის რესპუბლიკის მოსახლეობას და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტოვებს უფლებას გამოიყენოს მის ხელთარსებული ყველა საჭირო ძალა და საშუალება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და რუსი სამხედროების დასაცავად,” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
31 ივლისს ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების წარმომადგენლებმა ერგნეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს, რათა 29 ივლისს მომხდარი ინციდენტი განეხილათ. რუსული მხარე შეხვედრას არ დასწრებია.
თბილისმა და ცხინვალმა ერთმანეთი დაადანაშაულეს 29 ივლისს ცეცხლის გახსნაში და 31 ივლისის შეხვედრაზე მხარეებმა კვლავაც ”გაიმეორეს მომხდარის საკუთარი ვერსიები,” იტყობინება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მოუწოდა მხარეებს ”თავშეკავება გამოიჩინონ განცხადებებში და ქმედებებში, რათა არ მოხდეს ისეთი რამ, რაც შესაძლოა პროვოკაციულად იყოს აღქმული.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)