შუალედური არჩევნები საარჩევნო კოდექსის რეფორმირების შემდეგ ჩატარდება
შუალედური არჩევნები 27 სექტემბრის ნაცვლად საარჩევნო კოდექსის რეფორმირების შემდეგ ჩატარდება, რაზეც მუშაობა სავარაუდოდ შემოდგომაზე დასრულდება.
ამის შესახებ შეთანხმებას საპარლამენტო ოპოზიციამ, პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე მიაღწიეს. არჩევნების მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარების ინიციატივით გასულ კვირას ქრისტიან-დემოკრატები გამოვიდნენ და არჩევნების ჩატარება 2010 წლის 30 მაისს თვითმართველობის არჩევნებთან ერთად მოითხოვეს.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში დაინიშნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მიღებული იქნება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ ჩატარდება.
”სრულიად ბუნებრივია, რომ არჩევნები ჩატარდეს ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, ახალი საარჩევნო გარემოს პირობებში და არა დღეს, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედებს ძველი კოდექსი”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ. ”ეს იყო არგუმენტი, რომელიც გაზიარებული იყო ოპოზიციის და უმრავლესობის მხრიდან”.
”ეს არის ძალიან პრინციპული შეთანხმება… დღევანდელი შეთანხმების შესაბამისად შუალედური არჩევნები ჩატარდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს ახალ საარჩევნო კოდექს”, – განაცხადა საპარალემნტო უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ.
არჩვენების გადატანა გააპროტესტა არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა. მრეწველების და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერებმა, ზურაბ ტყემელაძემ და ზურაბ ნოღაიდელმა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კანონის დარღვევა უწოდეს.
შუალედური არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად 27 სექტემბერს დანიშნა სამ ოლქში – თბილისის ჩუღურეთის ოლქში, ასევე ოზურგეთსა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 11 პარტია დარეგისტრირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)