იაკობაშვილის თქმით, რუსეთის ბრალეულობა ომში ეჭვგარეშეა
სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ”მთელმა მსოფლიომ იცის”, რომ შარშან აგვისტოში რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღდეგ და ”ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარავის აქვს”.
”მე ვფიქრობ, რომ ევროპაში აღარ დარჩნენ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები. არიან ისინი, ვინც იცის სიმართლე. არიან ისინი, ვინც იცის სიმართლე, მაგრამ არ უნდა მისი გაგება, და არიან ისინი, ვინც უბრალოდ მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურებზე. ასეთია რეალობა. და არა მარტო პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ. მათ შორის არიან ჟურნალისტები და ექსპერტები,” – განუცხადა იაკობაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს” 6 აგვისტოს.
საქართველოს მთავრობა დღეს საღამოს ყოვლისმომცველი ანგარიში გამოქვეყნებას გეგმავს, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული მოვლენათა მისეული ვერსია აგვისტოს ომის დაწყებამდე და მის მსვლელობაში.
”ალბათ ჩვენ ვიქნებით მომსწრენი მედია ომის ახალი ტალღისა დღეიდან, ხვალიდან, ზეგიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვინ არის აგრესორი. მთელმა მსოფლიომ დაინახა ვინ მოამზადა და ვინ განახორციელა მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ სამხედო ოპერაცია. ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარავის აქვს.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)