სააკაშვილი ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდა
პრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერი შეთანხმდნენ 6 აგვისტოს, რომ ჩატარდება ოპოზიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ოპოზიციის წუხილები მათ აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.
პარტიის ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები ლიდერი ირაკლი ალასანია არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ რამოდენიმე ლიდერს შორის იყო, ვინც ეროვნული უშიშროების საბჭოს ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილთან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
20 ივლისს სააკაშვილმა ოპოზიციას ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასწრება შესთავაზა, რათა ემსჯელათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია და მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, ასევე დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან და დეპუტატი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელის პარტიიდან მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.
შეხვედრის შემდეგ ალასანიამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ გარდა ”საგარეო საფრთხეებისა, რაც ჩვენი საერთო პრობლემაა, რადგანაც ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ აგრესიასთან,” შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხებიც იქნა განხილული.
”მეორე მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იყო განხილული, უკავშირდებოდა პოლიტიკური დევნის შეჩერების საჭიროებას,” – განაცხადა მან. ”ამ კუთხით ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება ოთხშაბათს [12 აგვისტოს] სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის ჩატარების თაობაზე კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით”.
პარტიამ მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის განაცხადა, რომ მის აქტივისტს რუსთავში 6 აგვისტოს ხელკეტებით შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ თავს და სცემეს, ხოლო 2 აგვისტოს ნინო ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერი შეიარაღებული პირების ჯგუფმა სასტიკად სცემა ქალაქგარეთ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შეხვედრაზე, რომ მიუხედავად უთანხმოებებისა ბევრ საკითხზე, მათ ყველას აერთიანებს ”სიყვარული ჩვენი ქვეყნისადმი და ერთობა ჩვენი მტრის წინააღმდეგ”.
”მოხარული ვარ, რომ ჩვენ ყველამ ვიპოვეთ ძალა საკუთარ თავში – მე ვგულისხმობ ყველას, მათ შორის მთავრობას – რათა დავმდგარიყავით ჩვენს პირად ამბიციებზე მაღლა,” – განაცხადა მან.
”მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ვფიქრობ, რომ როცა მეგაფონებით არ ვსაუბრობთ, ბევრად უკეთესად გვესმის ერთმანეთის,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომები გაგრძელდება და ჩვენ გვინდა ვთხოვოთ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსაც და სიამოვნებით მოვიწვევდით მათ აქ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი. მე ვფიქრობ დღეს მტერს ნამდვილად არ გაუხარდებოდა ჩვენი ყველას ერთად ამ დარბაზში დანახვა… ქართული საზოგადოების დაკვეთა არის გამოვნახოთ საერთო ენა ყველაზე რთულ საკითხებზე… და ვფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ დღეს გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი”.
6 აგვისტოს ტელეკომპანია ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელმა ქუჩის აქციებმა ასწავლა ყველას საქართველოში, რომ ”შეუძლებელია ხელისუფლებაში მოსვლა უკანა კარიდან”.
”პუტინმაც კი ვერ შეძლო გაექცია საქართველოს ხელისუფლება და კუკავა ამას როგორ გააკეთებდა?” – განაცხადა სააკაშვილმა კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)