ვეფხვაძე ოპოზიციას მკვეთრი განცხადებებისგან თავშეკავებას ურჩევს

პარლამენტის წევრმა უმცირესობიდან, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ”არ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის მილოშევიზაცია”.

მისი თქმით, პოლიტიკურ ძალებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ოპოზიციური პარტიები არ უნდა აცხადებდნენ, რომ გასული წლის აგვისტოში ქართული შეიარაღებული ძალები დაესხნენ თავს ”მძინარე ცხინვალს და ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას”.

”მიუხედავად იმისა, ჩვენ რა პოლიტიკური განსხვავებები გვაქვს ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის მილოშევიზაცია, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში მილოშევიზაციის შედეგი იქნება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კოსოვიზაცია”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც მთლიანად აგვისტოს ომს მიეძღვნა.

”ანუ საქმე ის არის, რომ თუკი ჩვენ ვაღიარეთ ჩვენ თვითონ, რომ ჩვენ მოვაწყვეთ გენოციდი, მსოფლიო თანამეგობრობა ამ შემთხვევაში დარჩება რუსეთთან აბსოლუტურად თანაზიარი და აღიარებს ამ ტერიტორიებს და რეგიონებს”, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)