ალასანია ვაშაძეს შეხვდა

ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების და ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი, 10 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.

ეს შეხვედრა მოჰყვა უშიშროების საბჭოს ფორმატში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას, რომლის მსგავსიც ასევე იგეგმება შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან 12 აგვისტოს.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები განცხადებაში ამბობენ, რომ ალასანიამ ვაშაძეს გადასცა პარტიის ხედვა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გააქტიურებასთან და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ვანო მერაბიშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე ალასანია და ასევე დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან, რომლებიც ასევე მიიღებენ შეხვედრაში მონაწილეობას, აპირებენ დააყენონ ოპოზიციის აქტივისტების, მათი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების და ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდასხმების თემები.

მეთიუ ბრაიზამ, რომელიც მალე დატოვებს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თანამდებობას, 10 აგვისტოს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოზიტიურია, როცა პოლიტიკურმა დისკუსიებმა ქუჩებიდან კვლავ რეფორმის დღის წესრიგზე გადაინაცვლა.

”დროა სერიოზულმა ადამიანებმა სერიოზული მუშაობა გასწიონ სერიოზულ რეფორმებზე; როგორც ჩანს, ამის კეთება იწყება ახლა,”- განაცხადა ბრაიზამ.

მისი თქმით, შს მინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის დაგეგმილი შეხვედრა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ბრაიზას განცხადებით, ამ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ”ცნობები ძალადობაზე, რასაც ჩვენ მოველით რომ დასრულდება; ეს უნდა დასრულდეს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)