საქართველოს ვიცე-პრემიერი რუსეთ-უკრაინის დაძაბულობაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის წერილი მისი უკრაინელი კოლეგის ვიქტორ იუშენკოს მიმართ არის მოსკოვის ”იმპერიალისტური პოლიტიკის” დემონსტრირება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შიგნიდან არევას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 11 აგვისტოს.

წერილში, რომელიც კრემლმა 11 აგვისტოს გამოაქვეყნა, მედვედევი აკრიტიკებს იუშჩენკოს უყენებს რა მას პრეტენზიებს სხვადასხვა საკითხებზე დაწყებული უკრაინის ნატო-ში მისწრაფებიდან და საქართველოსთვის იარაღის მიწოდებიდან, დამთავრებული მისი მხარდაჭერით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იმ განშტოებისადმი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს არ ემორჩილება.

”ნეგატიური საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია უკრაინის ანტირუსულმა პოზიციამ სამხრეთ ოსეთზე სააკაშვილის რეჟიმის ბარბაროსულ თავდასხმასთან დაკავშირებით. იმ ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი წლის თავზე კვლავ მწვავედ დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიან მოსახლეობას და რუს მშვიდობისმყოფელებს ცხინვალში კლავდნენ უკრაინული იარაღით. ისინი კიევში, ვინც აწვდიდნენ იარაღს ქართულ არმიას და სხვათა შორის, არც ახლა აპირებენ ამის შეწყვეტას, სრულიად იზიარებენ თბილისთან ერთად პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებებზე,”- ნათქვამია წერილში.

”რუსეთი განაგრძობს თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას და ახლა უკრაინაა სამიზნე… და მათ სურთ შექმნან დაძაბულობა [უკრაინაში] საპრეზიდენტო არჩევნების წინ,”- განუცხადა ბარამიძემ ”რუსთავი 2”-ს.

მისი თქმით, ის, რაც შარშან აგვისტოს მოხდა, ეს არ იყო უბრალოდ რუსეთის ახირება და ”ეს არ მოხდა იმიტომ, რომ როგორც ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, ჩვენ დავუშვით შეცდომები, ეს იყო კარგად დაგეგმილი სტრატეგია… რუსეთს სურს იმპერიის აღდგენა”.

რუსეთის პრეზიდენტის წერილი მთავარი ინფორმაცია იყო საქართველოს ნაციონალურ სატელევიზიო  არხებზე. საინფორმაციო გამოშვებებში ხორციელდებოდა პირდაპირი ჩართვები უკრაინიდან, ასევე გადიოდა ქართველი ოფიციალური პირებისა და ექსპერტების კომენტარები, რომლის დროსაც მთავარი კითხვა იყო გამოიყენებს თუ არა რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინის წინააღმდეგ.

”ომის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ რუსეთი ცდილობს პროცესები წაიყვანოს უკრაინის შიგნით დაძაბულობისკენ,”- განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინასთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში შესვლას, ”რუსეთი ჩვენ ძლივს გაგვიმკლავდა [შარშანდელ ომში]. არა მგონია, რომ ეს [რუსეთის პრეზიდენტი წერილი] არის უკრაინასთან ომისთვის მზადება”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)