თბილისი პუტინის აფხაზურ ვიზიტს პროვოკაციულს უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციულს უწოდებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს სეპარატისტულ აფხაზეთში, რომელიც 12 აგვისტოს – რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წლისთავზე ხორციელდება.

”ასეთი დამთხვევა წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული ქმედებაა,”- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, ”2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მთავარი ინიციატორი და იდეოლოგი ვლადიმერ პუტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ჩავიდა ოკუპირებულ სოხუმში”.

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს კავკასიის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ესკალაციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულოს რუსეთი პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს და უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სასწრაფო დეოკუპაცია,”- ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)