აფხაზეთში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა 12 აგვისტოს გაგრაში ნაგვის ურნაში ჩადებული ასაფეთქებელი ნივთიერების ამოქმედების შედეგად, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

იმავე დღეს სოხუმში მომხდარი აფეთქების შედეგად კი არავინ დაშავებულა.

გაგრაში აფეთქება 16:50 საათზე განხორციელდა და იმსხვერპლა 57 წლის ქალი, ასევე დაიჭრა ოთხი ადამიანი; ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის მამაკაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ”იტარ-ტასსისა” და ”კავკაზკი უზელის” ცნობით.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც გაგრაში მომხდარი აფეთქების დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სეპარატისტ ლიდერთან სერგეი ბარაფშთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფეთქება იყო შარშანდელი ომის ”გამოძახილი.”

”ჩვენ ვნახეთ ეს გამოძახილი დღესაც და გაგრაში რაც მოხდა ეს ამის დადასტურებაა,”- აღნიშნა პუტინმა.

მეორე ინციდენტი სოხუმში 20:20 საათზე სანაპიროს მახლობლად მოხდა. რუსული სააგენტოების თანახმად, მეორე აფეთქების დროს პუტინი უკვე სოხუმიდან სოჭში მიემგზავრებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)