სოხუმში ეჭვობენ, რომ აფეთქებების უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან

სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურის განცხადებით, 12 აგვისტოს გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებები ერთი ხელწერაა და მათ უკან შესაძლოა ქართული სპეცსამსახურები იდგნენ.

”შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ფრაგმენტები აბსოლუტურად იდენტურია,”- იუწყება ”აფსნიპრესი” 14 აგვისტოს გენპროკურორის მოადგილის ბესლან კვიცინიას სიტყვებზე დაყრდნობით, ”ისღა გვრჩება ვივარაუდოთ, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების ნამოქმედარია, რომლებიც დღემდე ვერ ეგუებიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ასევე რუსეთის მთავრობის მეთაურის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩამოსვლას”.

ქართულ მხარეს ამ ვარაუდებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაგრაში აფეთქება, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, 12 აგვისტოს მაშინ მოხდა, როცა პუტინი ჯერ კიდევ სოხუმში იმყოფებოდა. იმავე დღეს, მეორე აფეთქება სეპარატისტულ დედაქალაქში მოგვიანებით გაისმა, როცა პუტინმა უკვე დაასრულა ერთდღიანი ვიზიტი და სოჭში გაემგზავრა. აფხაზმა სამართალდამცავებმა აფეთქებებზე საქმე ”ტერორიზმის” მუხლით აღძრეს.

იმავდროულად, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა დაგმო აფხაზეთში მომხდარი აფეთქებები.

”ეს ტრაგიკული შემთხვევები შეიძლება მხოლოდ შეფასდეს, როგორც ტერორიზმი და დროა სამხრეთ კავკასიაში ყველამ აღიაროს, რომ ტერორიზმი დანაშაულია და სრულიად მიუღებელია დღევანდელი ევროპისთვის,”- ნათქვამია ტერი დევისის განცხადებაში, რომელიც 14 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის წლისთავამდე ძალადობის შესაძლო განახლების მოლოდინის ფონზე, რაც ქართულ და რუსულ ოფიციალურ წრეებში არსებული რიტორიკის საფუძველზე გაჩნდა, მისასალმებელია, რომ ამ დღეებმა ესკალაციის გარეშე ჩაიარა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)