სასამართლომ თურქული ტანკერის კაპიტანს 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ 31 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აფხაზეთის პორტში უკანონო შესვლის გამო სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მესაზღვრეების მიერ დაკავებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის BUKET-ის კაპიტანს 24-წლიანი პატიმრობა  შეეფარდა, იტყობინება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.     

სასამართლომ თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქი დაადანაშაულა კონტრაბანდულ საქმიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში თბილისის თანხმობის გარეშე.

საქართველოს შსს  სასაზღვრო  პოლიციის  სანაპირო  დაცვის  დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი  სამმართველოს სადარაჯო ხომალდებმა პანამის დროშით მცურავი  ტანკერი  "BUKET’’-ი საქართველოს  სახელმწიფო  საზღვრის მრავალჯერ უკანონოდ გადაკვეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის  ფაქტზე  15 აგვისტოს დააკავეს. ტანკერი  თურქეთის პორტიდან სოხუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და საწვავის კონტრაბანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჰქონდა.

”BUKET”-ი და ტანკერიდან ამოღებული 2000 ტონა ბენზინი და 700,075 ტონა დიზელის საწვავი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონფისკირებულ იქნა, განაცხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.

ქართველმა მესაზღვრეებმა 24 აგვისტოს ბათუმში ასევე დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ იმანვერდიევი,  თურქული ტანკერის  – "BUKET” ყოფილი კაპიტანი. ქართული მხარის ცნობით, "BUKET”-ი წარსულშიც მრავალჯერ შესულა აფხაზეთის პორტებში, როდესაც გემის კაპიტანი იმანვერდიევი იყო. იმანვერდიევი,  რომელიც ახლა სხვა გემის კაპიტანია, მაშინ დააკავეს, როდესაც მისი გემი ბათუმის პორტში იყო გაჩერებული.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)