სააკაშვილი ”ძალიან მკვეთრი ეკონომიკური გარღვევის” შანსზე საუბრობს
საქართველოს ახლა აქვს შანსი, რომ ძალიან მკვეთრი ეკონომიკური გარღვევა მოახდინოს, რადგან სერიოზული სიძნელეების მიუხედავად, მან ყველაზე ადვილად გადაიტანა კრიზისი, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 სექტემბერს.
”საქართველო ჯერ ბოლომდე არ გამოსულა კრიზისიდან. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური, სერიოზული სიძნელეები და ამას ჩვენ არ ვმალავთ,”- აღნიშნა მან, ”არის ძალიან ბევრი სამუშაო გასაწევი იმისათვის, რომ კრიზისი გადავლახოთ. მაგრამ ნათესავები, მეგობრები, მეზობლები ბევრს ჰყავს უცხოეთში, გაიკითხეთ ერთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რა მდგომარეობაა. ყველაზე ადვილად საქართველომ ჯერ-ჯერობით გადაიტანა ეს კრიზისი და თურქეთთან მიმართებაში და ყველა სხვასთან მიმართებაში”.
მისი თქმით, საქართველო ანტიკრიზისული გეგმიდან ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე გადადის.
”იმიტომ, რომ ბოლო ერთ თვენახევარში პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად და მას შემდეგ, რაც მცდელობა აგრესორის, რომ ახალი ომი გაეჩაღებინა აგვისტოში, ჩაფლავდა, ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ძალიან მკვეთრი ეკონომიკური გარღვევის უკეთესობისკენ, მაგრამ ამას სჭირდება შემდგომი, მწყობრად გააზრებული პროგრამა, რომელსაც ერთ მუშტად შეკრული და ერთ გუნდად შეკრული საქართველოს მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის ჩემი მონაწილეობით,”- აღნიშნა სააკაშვილმა.
მან ეს განცხადება თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ”რედისონის” გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გააკეთა. მისი გამოსვლისას, უკანა ფონს ახალ სასტუმროში დასაქმებული ადამიანები ქმნიდნენ, ხოლო აქეთ-იქით წარმოდგენილი იყო ფოტოები ახალი სასტუმროსი და რეკონსტრუქციამდე არსებული იმავე სასტუმრო ”ივერიის”, სადაც 2004 წლამდე 90-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.
”ისინი [დევნილები] დაბრუნდებიან არა აქ ნაყიდ, ინვესტორების მიერ გამოყოფილ ერთოთახიან ბინაში, არამედ დაბრუნდებიან თავის სახლებში [აფხაზეთში], იქ საიდანაც გამოყარეს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ ამ დაპირებას სჭირდება წელში გამართული, გაძლიერებული, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა შენარჩუნებული, ფეხზე დამდგარი საქართველო და ჩვენ ამ საქართველოს ყველანი ერთად ავაშენებთ”.
”ამ საშინელ შესახედაობის შენობაში, რომელსაც არ ჰქონდა დარჩენილი არცერთი ფანჯარა, რომელშიც უფრო მეტი კომფორტი ჰქონდათ ვირთხებს, ვიდრე ადამიანებს,”- მან რეკონტრუქციამდელ სასტუმროს ფოტოზე მიუთითა, ”როგორც საბოლოო ირონია და დაცინვა ამ ადამიანების მიმართ შევარდნაძის მთავრობამ იმის მაგივრად, რომ ამ ხალხისთვის უკეთესი პირობები შეექმნა ,16 მლნ ლარად, გაღატაკებულ ქვეყანაში, რომლის ბიუჯეტი იყო თუ არ ვცდები საერთოდ 160 მლნ ლარი, 10% ბიუჯეტის დახარჯა იმაზე, რომ ამ უბედურების წინ დაედგა დავით აღმაშენებლის 16 მლნ ლარიანი ძეგლი, როგორც საბოლოოდ მიფურთხება სახეში იმ ხალხისთვის და ზურგით იყო ეს ძეგლი, ცხენის გარკვეული ნაწილებით ჩვენ ყველაფერ დაკარგულ მოსახლეობასთან”.
რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო ”ივერიის” წინ მდგარი დავით აღმაშენებლის ძეგლი ხელისუფლების გადაწყვეტილებით რამდენიმე წლის წინ თბილისის შემოსასვლელში, დიღომში გადაიტანეს, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
სააკაშვილმა ასევე ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების მშენებლობაზე და ახალი კურორტების განვითარებაზე, მათ შორის მესტიაშიც.
მისი თქმით, მთელმა სვანეთმა ”ამოისუნთქა” მას შემდეგ, რაც 2004 წლის მარტში ”აფრასიძეების ბანდა” გაანადგურეს ”ჩემი ბრძანებით” და ”ეს იყო სწორი გადაწყვეტილება”. მისი თქმით, ახლა უკვე შესაძლებელია ”მესტიის სიღნაღიზაცია” – ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.
მან ასევე განაცხადა, რომ შესწავლის პროცესშია ახალი გვირაბის მშენებლობის შესაძლებლობა ჭითურიდან ამბროლაურის რაიონში ”იმისათვის, რომ რაჭა პრაქტიკულად იყოს 2 საათის სავალზე თბილისიდან”. უმოკლესი გზა დედაქალაქიდან რაჭისკენ ცხინვალზე გადიოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)