ალასანიას პარტია საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პირველად ესწრება
ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტიის, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს პირველად ესწრება იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაზე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მარტიდან მუშაობს.
ამ დრომდე გაზაფხულის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები უარს აცხადებდნენ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე, სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციას თავიდანვე მხოლოდ მრეწველთა პარტია წარმოადგენდა. ჯგუფში მონაწილეობაზე, რომელიც საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა ლეიბორისტულმა პარტიამ, თუმცა მალევე უკან გაიწვია ეს გადაწყვეტილება.
”ჩვენ მოვედით, რომ მოვისმინოთ ამ ჯგუფში რა ვითარებაა, ვის რა პოზიციები აქვთ, რაზე თანხმდებიან და რაზე არა. დანარჩენი ამის შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას,”- განუცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ გააჩნია საკუთარი წინადადებები ”ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან”.
აკაკი მინაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი დეპუტატი მიესალმა ”ახალი წევრების დამატებას”.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საარჩევნო რეფორმის პრინციპებზე შეთანხმება მიმდინარეობს და მალე დაიწყება მის ტექსტუალურ ნაწილზე მუშაობა. ”წლის ბოლოსთვის მზად უნდა გვქონდეს ახალი საარჩევნო კოდექსი, რათა მომავალი წლის გაზაფხულზე ჩავატაროთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,”- აღნიშნა მინაშვილმა.
ამასთან, მამუკა კაციტაძემ, ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა, რომელიც ალასანიას პარტიასთან და რესპუბლიკელებთან ერთად ალიანსი საქართველოსთვის წევრია, განაცხადა, რომ ”ალტერნატივა არ აქვს” საარჩევნო გარემოს შეცვლას, რაც ”აუცილებლად მუშა მდგომარეობაში, ერთ მაგიდასთან დაჯდომით უნდა გაკეთდეს”.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მუშაობენ საარჩევნო რეფორმაზე, თუმცა ”ჯერ-ჯერობით ერთიანი ოპოზიციური ხედვა არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული”.
”ახლა საჭიროა შეჯერება ამ პოზიციების ოპოზიციურ პარტიებს შორის და შემდგომ ამ მომზადებული დოკუმენტის გადაგზავნა ამ ჯგუფისთვის,”- განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ, ”თუ იქნება პოლიტიკური ნება, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ცვლილება, რაც აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, იქნება მართლაც კარგი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)