პარლამენტმა პლენარული სხდომები დაიწყო

დღეს დეპუტატები საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე შეიკრიბნენ.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან თავის გამოსვლებში დაგმეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების ვადაზე ადრე გათავისუფლება, როგორც ”საზოგადოებრივი აზრის იგნორირება” და ”უკმაყოფილების ახალი ტალღის” გამომწვევი. 

დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარტიიდან ჩვენ თვითონ ეჭვი შეიტანა იმ ფაქტში, რომ ერთ-ერთ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს ჰყავს ახლადშეძენილი ჩვილი შვილი, რაც შეუძლებელია არსებული კანონმდებლობის პირობებში, რომელიც კრძალავს პატიმრების ხანგრლივ პაემნებს ოჯახის წევრებთან. ”ეს ექვემდებარება მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუკი შესაძლებლობა და შანსი მიეცა ამა თუ იმ პატიმარს ჰქონოდა ის უფლება, რა უფლებებითაც ვერ სარგებლობენ დანარჩენი პატიმრები პენიტენციალურ სისტემაში,”- აღნიშნა ლორთქიფანიძემ. ცოტა ხნის წინ სტუდია ”მაესტრომ” გაუშვა ფილმი, სადაც გადაღებულია ფარული კადრები გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა ”სასათბურე პირობების” შესახებ ციხეში.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან განაცხადეს, რომ კანონის მიხედვით იქნენ ვადამდე გათავისუფლებული შსს-ის ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც ციხეში დაახლოებით სასაჯელის ნახევარი – 3.5 წელიწადი დაჰყვეს ზიანის მიყენებისთვის, რამაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია.

”გირგვლიანის მკვლელობა არის ძალიან მძიმე ბრალდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს ადამიანები უკვე დაისაჯნენ და არცერთ შემთხვევაში ამით სპეკულირება არ შეიძლება და კანონი ვრცელდება ყველაზე თანაბრად,”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. 

დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ასევე მმართველი უმრავლესობიდან ხაზი გაუსვა, რომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ არცერთ პირს უშუალოდ მკვლელობაში არ ედებოდა ბრალი.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან შოთა მალაშხიამ სხდომაზე მოიხსენია საპატრიარქოს გადაწყვეტილება ამ პირების მონასტერში გაგზავნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ 7 სექტემბერს მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას ”ანტიეკლესიური დეზინფორმაცია” უწოდა და უარყო ყოველგვარი კავშირი გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულთა გათავისუფლების საქმესთან.

იმავდროულად, დეპუტატმა საპარლამენტო ოპოზიციიდან, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას. ბაღათურიას თქმით, შესწავლის ერთ-ერთი თემა უნდა გახდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 12 მლნ ლარად შეფასებული წყნეთის აგარაკის 1 ლარად გადაცემა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძისთვის, რაც მისი შეფასებით, სახელმწიფო ქონების ”განიავებაა”. 

მიმდინარე კვირას პარლამენტი სულ 36 საკითხის, მათ შორის კონსტიტუციაში ორი ცვლილების განხილვას გეგმავს – ერთი მათგანი 2012 წლიდან პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გადატანას, ხოლო მეორე სადეპუტატო მანდატების აღდგენას ეხება 2008 წლის 21 მაისს პროპორციული სისტემით არჩეული ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე ნებაყოფლობით განაცხადეს უარი. ორივე ეს ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის.

ასევე დაგეგმილია ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პაატა კალანდაძის მხარდაჭერა.

გარდა ამისა პარლამენტი მოისმენს ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატისა და 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)