სააკაშვილი: საქართველო ”იმპერიალისტურ მონსტრს” უპირისპირდება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში არიან გარკვეული ძალები, რომელთაც ”აღიაზიანებთ”, რომ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია ”იმპერიალისტურ საფრთხეს”.
”საქართველო იმყოფება ეგზისტენციალურ ბრძოლაში; ბრძოლაში თავისუფლებისთვის… განვითარებისა და დეოკუპაციისთვის,” – განუცხადა მან 8 სექტემბერს ქართველ დიპლომატებს თბილისში.
პრეზიდენტი სააკაშვილი უცხო ქვეყნებში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს შეხვდა, მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი გააცნო და საგარეო პრიორიტეტებზე, ინვესტიციების მოზიდვასა და რუსულ აგრესიაზე ესაუბრა.
”ის ფაქტი, რომ ქართული სახელმწიფო გადაურჩა ამ აგრესიას, არ ჩამოიშალა და ახლა დაადგა განვითარების გზას – მძიმედ, ნელი ტემპით, მაგრამ რეგიონში ყველაზე ნაკლები დანაკარგით გადაიტანა მსოფლიო კრიზისი – ეს არის ის, რაც ცვლის წესრიგს ჩვენ რეგიონში და სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”რა თქმა უნდა, ეს იწვევს უკიდურეს გააფრთებას იმპერიალისტური ძალების მოსკოვში, ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვიძნელებს ცხოვრებას იმიტომ, რომ პრაქტიკულად გვიხდება მუდმივად ამ იმპერიალისტურ მოსტრთან ხელჩართული დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ აისახოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე,” – განაცხადა მან.
”ჩვენ მტერს აქვს სერიოზული ბერკეტები,” – განაგრძო სააკაშვილმა. ”მიუხედავად კრიზისისა, მას იმდენი ფული მაინც აქვს, რომ სერიოზული ფინანსური გავლენა მოახდინოს, მათ შორის ევროპაში გარკვეულ პოლიტიკურ წრეებზე, პრესაზე სერიოზულად; ჩვენ წინააღმდეგ მიდის იდეოლოგიური ომი; ჩვენ წინააღმდეგ მიდის ომი საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვადასხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებში”.
”არიან რაღაც ძალები ყველა ქვეყანაში – მათ შორის შეიძლება ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანაში – რომელსაც აღიზიანებს კიდევაც, რომ საქართველო დადგა მაგრად და გაუწია წინააღმდეგობა იმპერიალისტურ საფრთხეს; ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასეა; ასე იყო ტრადიციულად; პირველი რესპუბლიკა დაემხო იმიტომ, რომ პრაქტიკულად დასავლეთმა ის მთლიანად გაყიდა; სიტუაცია ნამდვილად სხვანაირია დღეს; ჩვენ დღეს გვყავს ბევრი მხარდამჭერი, საბოლოო ჯამში, ჩვენი სიმართლე ჩვენ გაგვაქვს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)