მიწისძვრამ რაჭაში ათასზე მეტი სახლი დააზიანა
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ათასზე მეტი სახლია დაზიანებული 8 სექტემბრის მიწისძვრის შედეგად რაჭაში, რომლის ეპიცენტრი ონის რაიონიში იყო.
წინასწარი მონაცემებით სულ ცოტა 400 ოჯახია დარჩენილი სახლის გარეშე; ეს ის ოჯახებია, რომელთა საცხოვრებელი ან დაინგრა ან ისე დაზიანდა, რომ აღდგენას არ ექვემდებარება.
როგორც საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოების მიერ 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ზარალის დათვლა 64 სოფლიდან მხოლოდ 44 სოფელში ჩატარდა და მონაცემები შეიძლება შეიცვალოს.
იქვე აღნიშნულია, რომ გაეროს სააგენტოებმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელობით, დაიწყეს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და დაზარალებულთათვის უკვე გაიგზავნა კარვები, საბნები და სხვა პირველადი მოხმარების საგნები; ასევე 6 000 ერთეული ჰუმანიტარული დღიური სასურსათო დახმარება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)