პარლამენტმა სადეპუტატო მანდატების აღდგენაზე საკონსტიტუციო დამატება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კონსტიტუციაში დამატებას, რომელიც სადეპუტატო მანდატის აღდგენას ითვალისწინებს იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს 2008 წლის ივნისში.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისას 12-მა პოლიტიკოსმა ნებაყოფლობით უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო.

თუმცა საკონსტიტუციო დამატების მიხედვით, მათგან მხოლოდ 10-ს შეეძლება 2010 წლის 1 იანვრამდე მანდატების აღდგენაზე განაცხადი გააკეთოს, რადგან საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ პროპორციული წესით არჩეულ პოლიტიკოსებს ეხება.

კერძოდ, ამ უფლებით შეეძლებათ ისარგებლონ: ლევან გაჩეჩილაძემ; კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა; ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ; ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ; გიორგი ხაინდრავამ; პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ახალი მემარჯვენეებიდან – ფიქრია ჩიხრაძემ, მამუკა კაციტაძემ და ირაკლი იაშვილმა.

ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ უარი მაჟორიტარულ მანდატებზე თქვეს და მათი ადგილმონაცვლეები ვაკისა და დიდუბის ოლქებიდან უკვე არჩეულნი არიან პარლამენტში. 

სადეპუტატო მანდატების აღდგენის სურვილი არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს. თუმცა, ქართული მედია საშუალებები ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ თავისუფლების პარტიის ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია შესაძლოა ამ წინადადებას დათანხმდეს. მას საჯაროდ ამის თაობაზე ჯერ არ უსაუბრია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა საკონსტიტუციო დამატების განხილვისას ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა არის ”უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი” გადაწყვეტილება.

”ეს ნაბიჯი არ იქნება პრეცედენტული,”- აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს თავიანთი ადგილების დაკავება ჯერ კიდევ ივნისში შესთავაზა. მოგვიანებით, სააკაშვილმა 20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ წამოაყენა თავისი შემოთავაზება. 

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვის მანდატების აღდგენის შესაძლებლობას, ზოგადად, მათთვის მიუღებელია კონსტიტუციის პოლიტიკურ მიზნებზე მორგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)