თინა ქეიდენაუ ბურჯანაძეს და ალასანიას შეხვდა

კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ თინა ქეიდენაუმ 14 სექტემბერს ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების და ასევე ალიანსი საქართველოსთვის ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან.

შეხვედრის შემდეგ ალასანიამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მედიის და კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხები.

ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქეიდენაუ ამ პოსტზე სულ ახლახანს დაინიშნა, მან ”ღრმა ცოდნა” გამოამჟღავნა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

”ჩვენ საქართველოში დემოკრატიული განვითარების და სტაბილურობის საჭიროებაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ხელისუფლების მიერ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ მოცემული დაპირებისა ”დემოკრატიულ ტალღასთან” დაკავშირებით, ამ კუთხით რაიმე პროგრესი არ შეინიშნება; პირიქით, უკან გადაიდგა ნაბიჯები,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)