აფხაზმა მღვდელებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფა გამოაცხადეს
აფხაზურმა სამღვდელოებამ ქართული მართმადიდებული ეკლესიისგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, იტყობინებიან რუსული სააგენტოები 16 სექტემბერს.
”აფხაზეთი არანაირად არ შეიძლება იყოს საქართველოს განუყოფელი ნაწილი და სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიამ, რომელიც შედის საქართველოს საკათოლიკოსოს შემადგენლობაში, შეწყვიტა თავისი არსებობა,”- იტყობინება ”იტარ-ტასსი” აფხაზი მღვდელთმთავრის ბესარიონ აპლიაას სიტყვებზე დაყრდნობით, რომლის თქმითაც, მიღებულია გადაწყვეტილება ეპარქიას ამიერიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაერქვას.
რუსეთის საპატრიარქო არ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.
”ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს,”- განუცხადა ”ინტერფაქსს” რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ამგვარი განცხადება ”ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ”. ხოლო საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება იმ თვითგამოცხადებულმა ჯგუფმა და ეპარქიამ გააკეთა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონიკურ ეკლესიებთან.
16 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ვოლოკოლამსკის არქიეპისკოპოსმა ილარიონ ალფეიევმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”ფაქტიურად” არ შედიან ქართული ეკლესიის შემადგენლობაში, პოლიტიკური საზღვრების შეცვლა თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ეკლესიის კანონიკური საზღვრებიც უნდა შეიცვალოს.
”ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის საფუძველი სხვა ეკლესიებთან მიმართებაში,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)