ევროკავშირი სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად მოლაპარაკებათა პირობებს ამზადებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 15 სექტემბრის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების პირობებთან დაკავშირებულ წინადადებებს ნოემბრის დასაწყისში წარმოადგენს.   

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, ”თუ როგორ გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები” სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.

ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში ოლი რენმა შეხვედრის შემდეგ   განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მომზადდება მოლაპარაკებების მანდატის პროექტი ნოემბერში, შესაძლებელი გახდება მოლაპარაკებების პროცესის წინ წაწევა ”იმ ტემპით, რომელსაც [ევროკავშირის] თავმჯდომარე ქვეყანა და წევრი სახელმწიფოები ჩათვლიან საჭიროდ”.

ევროკავშირის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები სექტემბრის ბოლოს შეიკრიბებიან, ხოლო 26-27 ოქტომბერს გაიმართება ამ ქვეყნების და ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოების შეხვედრა, სადაც მოცემული საკითხი იქნება განხილული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ საქართველომ მოამზადა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ყველა წინადადება და დოკუმენტი.

ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ იმ შეთანხმებებს ეფუძნება, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში თავდაპირველი 10-წლიანი პერიოდით და ყოველწლიურად ავტომატურად გრძელდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩამოყალიბებით კიდევ უფრო გაღრმავდა ევროკავშირის ახალი ხედვა სამ ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარების კუთხით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)