სააკაშვილი: შეწყალების პოლიტიკას სერიოზულად უნდა გადავხედოთ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა სერიოზულად ”გადაიხედოს” შეწყალების პოლიტიკა, რადგანაც შეწყალებულების ”დიდი, სერიოზული ნაწილი” ისევ ”ბრუნდება დანაშაულის გზაზე”. 

სააკაშვილმა ეს განცხადება 16 სექტემბერს საავადმყოფოში გააკეთა, სადაც მან დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნების მიერ დაჭრილი ორი პოლიციელი მოინახულა. მესამე პოლიციელი, რომელიც იმავე ეჭვმიტანილს დაედევნა, ინციდენტის შედეგად მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც იმავე დღეს დააპატიმრეს, 2008 წლის დეკემბერში იქნა შეწყალებული.

”ეს ბანდიტი, კრიმინალი შეწყალებით იქნა გამოშვებული შარშან ციხიდან, სადაც ის იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულისთვის,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ სერიოზულად უნდა გადავხედოთ შეწყალების პოლიტიკას იმიტომ, რომ ფაქტია, რომ სტატისტიკა არ არის მანუგეშებელი. ძალიან დიდი ნაწილი შეწყალებულებისა ადგება სწორ გზას და ეს ნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, შეწყალება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არის დიდი, სერიოზული ნაწილი, რომელიც ისევ ბრუნდება დანაშაულის გზაზე და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას”.

სააკაშვილმა ანალოგიური განცხადება 2007 წლის ივლისშიც გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ იგი ბევრად უფრო შეზღუდულად გამოიყენებს პატიმართა შეწყალების საპრეზიდენტო უფლებას.

16 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”იმდენი იძახეს პრესის საშუალებებმა, რომ პოლიციელმა იარაღი არ უნდა გამოიყენოს”, პოლიციელები ”დაკომპლექსდნენ”. სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაჭარბებული ძალის გამოყენება პოლიციის მიერ დაუშვებელია, ეს ბოლო შემთხვევა, რომლის დროსაც სამი პოლიციელი დაჭრეს, ის სიტუაციაა, როდესაც პოლიციას უნდა გამოეყენებინა იარაღი თავდაცვის მიზნით.

”იქ, სადაც იარაღია გამოსაყენებელი, იარაღი უნდა იყოს გამოყენებული,”- განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციას იარაღით რომ მოეკლა დანაშაულში ეჭვმიტანილი, დარწმუნებულია ზოგიერთები ისე წარმოაჩენდნენ ეჭვმიტანილს, როგორც ”უდანაშაულო მსხვერპლს სახელმწიფო ტერორის”. იგი ოპოზიციის კრიტიკას გულისხმობდა ზოგ შემთხვევაში პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც ფატალური შედეგები მოყვა.   

”იმდენი იძახეს პრესის საშუალებებმა, რომ პოლიციელმა იარაღი არ უნდა გამოიყენოს, ყოველთვის, როდესაც გამოიყენა ადანაშაულებდნენ რატომღაც პოლიციას, სტატისტიკა მოყავთ და დემონსტაციებს აწყობენ – ჩვენი უდანაშაულოდ დაღუპული ბიჭები, დღეს ეს ბანდიტი რომ მოეკლათ ასევე გამოაკრავდნენ ერთ-ერთ მიტინგზე – უდანაშაულო მსხვერპლი სახელმწიფო ტერორის,” – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ამირან რობაქიძის, სანდრო გირგვლიანია და სხვების პლაკატები ჰქონდა, რომელიც გაზაფხულზე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ოპოზიციამ გამოაკრა.

”იმათ სინდისზე იყოს, ვინც ამ პლაკატებს აკრავს, ამ პოლიციელის სიცოცხლე,” – დასძინა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)