სააკაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ახლავს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში მთელ რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, ხოლო 24 სექტემბერს ასამბლეას სიტყვით მიმართავს.
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21 სექტემბერს დაგეგმილია პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვდრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან.
22 სექტემბერს ვაშაძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს გუანტანამოს საპატიმროს დახურვის საკითხებში დენიელ ფრიდს. ფრიდი თბილისს აგვისტოში სტუმრობდა. The Washington Post-ი წერდა აგვისტოშივე, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებთანაც აშშ-ს ”პოზიტიური მოლაპარაკებები” ჰქონდა გუანტანამოს იმ ტუსაღთა მიღების შესახებ, რომელთა განთავისუფლებასაც აპირებენ.
ნიუ-იორკში პრეზიდენტი სააკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედებიან ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს და ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას.
სააკაშვილი ასევე შეხვდება თავის კოლეგებს თურქმენეთიდან, ფინეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინადან და კატარიდან.
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის უნგრელ, კვიპროსელ, ავსტრიელ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, შვედ, შეიცარიელ, ეგვიპტელ, ყაზახ, სლოვენ, სლოვაკელ და კონგოელ კოლეგებთან. იგი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას (მოლდოვა გაეროში მისი ელჩით იქნება წარმოდგენილი შეხვედრაზე).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)